2024 წლის პირველი ნახევარზე დაკვირვებით გამოჩნდა, რომ კიბერ საფრთხეები სულ უფრო რთული და ინტენსიური ხდება, რაც განსაკუთრებით იგრძნობა Ransomware შეტევებისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევების მატებით. დღევანდელ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ 2024 წლის კიბერუსაფრთხოების ყველაზე აქტიურ გამოწვევებსა და დაცვის საუკეთესო სტრატეგიებს. სტატია ეფუძნება FBI-ისა და CISA-ს (Cybersecurity and Infrastructure Security Agency) ერთობლივ რეკომენდაციებს და Critical Start-ის კიბერუსაფრთხოების კვლევითი ჯგუფის (CRU - Cyber Research Unit) მიერ 2024 წლის 30 აგვისტოს მომზადებულ მონაცემებს.
მთავარი საფრთხეები 2024 წლის პირველ ნახევარში
Critical Start-ის კიბერუსაფრთხოების კვლევითმა ჯგუფმა (CRU) განიხილა 2024 წლის პირველი ნახევრის კიბერთავდასხმების ტენდენციები და წარმოადგინა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
სამრეწველო სექტორი
სამრეწველო სექტორი კვლავ რჩება კიბერკრიმინალების მთავარ სამიზნედ. 2024 წლის პირველ ნახევარში 377 დადასტურებული Ransomware შეტევა და მონაცემთა გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული ინდუსტრია განსაკუთრებით დაუცველია, რადგან მასში გამოიყენება რთული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელზეც ხშირად დამოკიდებულია მწარმოებელი და მომარაგების ჯაჭვის სხვა მონაწილეები.
პროფესიული მომსახურებები (Professional Services)
პროფესიული მომსახურებების სექტორში, რომელიც მოიცავს იურიდიულ მომსახურებებს, სასამართლოებსა და მომარაგების ქსელებს, Ransomware შეტევებისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევები 15%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით (351 შემთხვევა 2024 წლის პირველ ნახევარში). ეს ორგანიზაციები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან, რადგან ისინი ფლობენ დიდი რაოდენობით ინტელექტუალურ საკუთრებასა და სენსიტიურ ინფორმაციას.
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სექტორში Ransomware შეტევები 180%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით კრიტიკულია Change Healthcare-ზე განხორციელებული შეტევა, რის გამოც მონაცემთა აღდგენისა და დაცვის დამატებითი სისტემების დანერგვა გახდა აუცილებელი. ეს შემთხვევა ცხადყოფს, თუ რამდენად დაუცველია ჯანდაცვის სექტორი კიბერშეტევებისგან, რადგან ის ეხება არა მხოლოდ ფინანსურ ზარალს, არამედ პაციენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
ტექნოლოგიების სექტორი
კიბერსაფრთხეების ზოგადი ფონის მიუხედავად, აღსანიშნია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ტექნოლოგიების სექტორში მონაცემთა გაჟონვისა და Ransomware შეტევების რაოდენობა 12.75%-ით შემცირდა 2023 წელთან შედარებით, რაც პოზიტიურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული:
- გაძლიერებული კიბერუსაფრთხოების ზომები: ტექნოლოგიური კომპანიები მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ უსაფრთხოების სისტემებს და ინვესტიციას ახორციელებენ ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა ფიშინგ-მდგრადი MFA, ქსელური მონიტორინგის სისტემები და ხელოვნური ინტელექტი.
- მაღალი ცნობიერების დონე: ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები უკეთ არიან მომზადებული კიბერუსაფრთხოების რისკების გამოსავლენად, რაც ხელს უწყობს საფრთხეების სწრაფად იდენტიფიკაციასა და ეფექტურ გამკლავებას.
- კიბერუსაფრთხოების ავტომატიზაცია: ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად იყენებენ ავტომატიზებულ უსაფრთხოების სისტემებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ მათ უფრო სწრაფად აღმოაჩინონ და აიცილონ კიბერშეტევები. ეს ტექნოლოგიები მოიცავს SIEM (Security Information and Event Management) სისტემებს და კიბერუსაფრთხოების ავტომატიზაციის სხვა ხელსაწყოებს.
- რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა: ტექნოლოგიური სექტორის ორგანიზაციები ხშირად მოქმედებენ მკაცრი რეგულაციებისა და სტანდარტების მიხედვით, რაც გულისხმობს მაღალი დონის უსაფრთხოების ზომების მიღებას. ეს შესაძლოა მოიცავდეს მონაცემთა დაცვის უფრო მკაცრ წესებს.
კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები: AI და Deepfake შეტევები
2024 წლის კიბერუსაფრთხოების სივრცეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა AI-ის (Generative AI) გამოყენებაა კიბერშეტევების გასაძლიერებლად. AI-ს საშუალებით, კიბერკრიმინალები ახერხებენ უფრო რთული და მოტყუებითი შეტევების განხორციელებას, რაც ართულებს მათ გამოვლენას. Deepfake ტექნოლოგია იქცა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ინსტრუმენტად, რომელიც ძირითადად გამოიყენება სოციალური ინჟინერიის მიმართ განხორციელებულ შეტევებში.
კვლევებმა აჩვენეს, რომ Deepfake შეტევები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3,000%-ით გაიზარდა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, კიბერკრიმინალები ქმნიან ფალსიფიცირებულ ვიდეოებსა და ხმოვან ჩანაწერებს, თანამშრომელთა მოტყუების და ფინანსური ტრანზაქციების ან სენსიტიური მონაცემების მიღებით მიზნით.
ამავდროულად, Open-Source Repositories უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ორი ძირითადი ტიპის შეტევისთვის: Repo Confusion Attacks და Supply Chain Attacks. აღნიშნული შეტევები განსაკუთრებით სახიფათოა იმით, რომ ისინი მოქმედებენ ორგანიზაციების კოდზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე, რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბიზნესის ოპერაციებს.
თავდაცვის ახალი სტრატეგიები
საფრთხეების ახალი დონე მოითხოვს შესაბამისი დაცვის სტრატეგიების დანერგვას, რაც ეფუძნება Critical Start-ის კვლევის მიგნებებს:
- MFA-ის დანერგვა: ფიშინგის შეტევები (Phishing Attacks) არის ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სისტემებს ემუქრება. ახალი თაობის მრავალფაქტორული ავტორიზაცია (MFA - Multi-Factor Authentication) აუცილებელია კიბერუსაფრთხოების დაცვისთვის. ფიშინგის მდგრადი MFA გადაწყვეტილებები, რომლებიც იყენებენ ბიომეტრიულ სისტემებსა და FIDO (Fast Identity Online) სტანდარტებს, მნიშვნელოვნად ამცირებს Ransomware შეტევების რისკს.
- მაღალი რისკის მქონე მომხმარებლების პრიორიტეტიზაცია: სისტემური ადმინისტრატორები და აღმასრულებელი პერსონალი უნდა იყვნენ დაცული უფრო ძლიერი უსაფრთხოების პროტოკოლებით, რადგან ისინი კიბერკრიმინალების პირველ სამიზნეებს წარმოადგენენ.
- უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება: მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხოების სისტემების ავტომატიზაცია კვლავ რჩება სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად. მაგალითისთვის, წელს რამდენიმე ორგანიზაციამ განახორციელა ტრენინგების სერია, რაც მოიცავდა Deepfake შეტევების ამოცნობის უნარების განვითარებას, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა კიბერუსაფრთხოების ინციდენტების რიცხვი.
2024 წლის კიბერუსაფრთხოების ტენდენციები აჩვენებს, რომ კიბერშეტევების სფერო მნიშვნელოვნად იცვლება. ორგანიზაციებს ესაჭიროებათ თანამედროვე MFA გადაწყვეტილებების დანერგვა და მომხმარებელთა მუდმივი ინფორმირება, რათა მათ შეძლონ კიბერ შეტევებისგან თავის დაცვა. ეს მოთხოვნები არა მხოლოდ ორგანიზაციის უსაფრთხოების, არამედ მომხმარებლების ნდობის შენარჩუნებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
2024 წლის აგვისტოს Critical Start-ის ანგარიში და FBI-ისა და CISA-ს რეკომენდაციები ცხადყოფს, რომ კიბერუსაფრთხოების დაცვა 2024 წელს უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.
კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციისთვის