WiFisher — ი არის მარკეტინგული გადაწყვეტილება ე.წ. offline/ტრადიციული ბიზნესებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ფიზიკური ლოკაცია და მომხმარებლები. მაგალითად: მოლები, რესტორნები, სასტუმროები, ბანკების ფილიალები.
WiFisher — ის სისტემა ეხმარება ამ ბიზნესებს იმის განსაზღვრაში თუ ვინ არიან მათი მომხმარებლები და რა უნდა გააკეთონ იმისათვის რომ გაზარდონ შემოსავალი თითოეული მომხმარებლიდან. ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლების საკონტაქტო და დემოგრაფიულ ინფორმაციას, ვაკვირდებით ვიზიტების რაოდენობას და ხანგრძლივობას სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში. შედეგად, ხდება დიდი რაოდენობის მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
მაგალითად რესტორნის მფლობელს შეგვიძლია შევუგროვოთ ინფორმაცია მის მომხმარებლებზე და ყველა მომხმარებელი გადავანაწილოთ ახალ, დაკარგულ და ლოიალურ მომხმარებელთა ჯგუფში. ჩვენი პლატფორმიდან რესტორნის მფლობელს შეუძლია იმეილ ან Facebook კომუნიკაცია განახორციელოს თითოეულ ჯგუფთან, რათა გაზარდოს მათი ვიზიტების ან დახარჯული თანხის რაოდენობა.
WiFisher — ის აქვთ მეორე პროდუქტიც, რომელიც შექმნილია რეკლამის განმთავსებლებისთვის. ის თუ სად დადის ადამიანი საკმაოდ ბევრს გვეუბნება იმის შესახებ თუ რა ტიპს და შემოსავლის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ეს ადამიანი. შესაბამისად მსხვილი კომპანიები იყენებენ ჩვენს პლატფორმას, რათა სხვადასხვა ლოკაციაზე შეძლონ WiFi რეკლამის გაშვება იმ ადამიანებზე, რომლებიც ფიზიკურად იმ მომენტში მანდ იმყოფებიან.
დავით ხოსროშვილის (WiFisher — ის თანადამფუძნებლის) ინტერვიუ კომპანიის შესახებ
რატომ დაინტერესდით ამ ბიზნესით — იყო ეს თავისუფალი ნიშა ბაზარზე თუ ინოვაციური იდეა?
როდესაც Online ბიზნესს იწყებთ, თქვენ გაგაჩნიათ ინსტრუმენტების უდიდესი რაოდენობა (analytics, retargeting და ა.შ.) იმისათვის რომ სწორად და გამართულად აწარმოოთ ბიზნესი. იგივეს ვერ ვიტყვით Offline/ტრადიციულ ბიზნესზე, რომელიც თითქოს მივიწყებულია სტარტაპების მიერ. ადამიანების უმრავლესობა საკმაოდ დიდხანს ატარებს ინტერნეტში, თუმცა ხშირად ადამიანის “მე” განსხვავებულია ინტერნეტში და რეალურ ცხოვრებაში. ჩვენი მისიაა შევქმნათ ხიდი online და offline გარემოს შორის.
თქვენი სტარტაპი სულ რაღაც ორი წელია გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა საკმაოდ წარმატებულია უკვე. რამდენად ადვილი იყო თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე?
ჩემი გამოცდილებით სტარტაპის გაყიდვების სწრაფ ზრდას და ბაზარზე გრძელვადიან თავის დამკვიდრებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს — პირველი არის ის, რომ როგორც კი აღმოაჩენთ თავისუფალ ნიშას და გაგაჩნიათ პროდუქტის საწყისი ვერსია, მთელი ძალების მიმართვა უნდა მოხდეს გაყიდვებზე. აქ მუშაობს ე.წ. ქსელური ეფექტი, ანუ რაც უფრო სწრაფად შეძლებ კლიენტების მთავარი ბირთვის შექმნას, მით უფრო დიდი ალბათობით ყოველი შემდეგი პოტენციური კლიენტი შენი მომხმარებელი გახდება. მეორე არის ის რომ სტარტაპსა და პოტენციურ კონკურენტს შორის უნდა იყოს სულ მცირე 1 წლიანი დაშორება ტექნოლოგიებში, ანუ კონკურენტი ყოველ მოცემულ მომენტში ერთი წლით უკან უნდა იმყოფებოდეს კლიენტზე მიმართული ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. ვფიქრობ, რომ ამ ორი სტრატეგიის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში 200-ზე მეტი კლიენტი გვყავს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია საქართველოში სტარტაპის შექმნა?
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სტარტაპის შესაქმნელად. ბიზნესის დაწყება და ოპერირება მარტივია, გადასახადები შედარებით დაბალია და ბაზრის მზაობა ინოვაციებისადმი საკმაოდ მაღალია. კაპიტალიც დიდი რაოდენობით არის — ე.წ. Angel ინვესტიცია, დეველოპერები კარგი ცოდნით — პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ეს საკმარისია. მთავარია ამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე, დანარჩენი ნაბიჯების გადადგმა სხვა ბაზრებზე განხორციელდეს და არ ჩავიკეტოთ ერთ ქვეყანაში.
ქართული ბაზრის შემდეგ პროდუქტი ევროკავშირშიც გაიტანეთ. პირველი ქვეყანა, სადაც WiFisher შევიდა, ლიტვაა. რატომ ლიტვა?
ლიტვაშიც დაახლოებით ამ კითხვა გვისვავს ყველა, ჩვენთან ბიზნესს არავინ არ აფართოებსო და რატომ გადაწყვიტეთ ლიტვით დაწყებაო. ორი მიზეზი გვაქვს რატომაც შევედით ლიტვაში: პირველი მიზეზია ის, რომ ძირითადად სტარტაპები პირდაპირ დიდ ქვეყნებს უტევენ და აღარავის ახსოვს პატარა, ლიტვის ნაირი, ბაზრები. ამ დროს ბაზარი მომგებიანი და სრულიად აუთვისებელია. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე გვჭირდება რამდენიმე უცხოური ბაზარი სადაც სხვადასხვა გაფართოების სტრატეგიას მოვსინჯავთ. ოპტიმალურ სტრატეგიას მსხვილ ბაზრებზე გამოვიყენებთ.
გეგმავთ თუ არა WiFisher-ის სხვა ქვეყნებშიც გატანას?
2018-ის ბოლომდე 7 ახალ ქვეყანაში შევალთ. გვჯერა, რომ ჩვენი წინსვლა საქართველოში ბევრ დამწყებ მეწარმეს მისცემს მოტივაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიო მასშტაბის პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ!
(სტატიის წყარო BPN.ge)