ბიზნესის ციფრულ პლატფორმაზე საუბრისას ვებ-გვერდის და CRM სისტემის ქონა საკმარისი არ არის. საუბარია არა ცალკეულ გადაწყვეტილებებზე, არამედ კომპლექსურ მიდგომაზე.
ციფრული პლატფორმა, როგორც ბიზნეს მოდელი
პლატფორმულმა ბიზნეს მოდელმა სრულიად შეცვალა წარმოდგენა ვაჭრობაზე. ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორიც არის Airbnb, Amazon, Alibaba, Uber, სრულიად შეცვალეს ტრადიციული ჯაჭვი - «მწარმოებელი – საბითუმო მოვაჭრე – საცალო მოვაჭრე – მყიდველი». ონლაინ სავაჭრო პლატფორმები გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ პროდუქტები და სერვისები პირდაპირ, ურთიერთქმედებისათვის გამარტივებული ფუნქციონალის გამოყენებით.
ინტელექტუალური ძებნის ინსტრუმენტები და რეკომენდაციების ალგორითმები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ წვდომა პრაქტიკულად ულიმიტო ასორტიმენტთან და იპოვონ მათთვის საჭირო პროდუქტი და სერვისი. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, დიდი მოცულობის ინფორმაციის, ავტომატიზაციისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საშუალებით.
ციფრული პლატფორმის, როგორც ბიზნეს მოდელის არსი, გულისხმობს მესამე მხარის მომწოდებლებისათვის ხელმისაწვდომი სივრცეების შექმნას, რომლებიც სარგებლობენ დამოუკიდებელი რესურსებით. მაგალითად, კომპანია Amazon-მა დაიწყო მოღვაწეობა, როგორც წიგნის მაღაზიამ, დღეს კი კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 59%-ს განაპირობებენ სხვა მომწოდებლები. ასევე, კომპანიები Microsoft და Apple, ტექნიკის ტრადიციული წარმოების პარალელურად, ფლობენ პლატფორმულ ბიზნეს მოდელებს, Microsoft – Windows, Apple – App Store და iTunes.
ბერნანდ მარი, საერთაშორისო მრჩეველი ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტრატეგიული საკითხების დარგში, მიიჩნევს, რომ დღეს ყველა კომპანიამ ინდივიდუალურად უნდა შეიმუშავოს პლატფორმული სტრატეგია. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ არის მარტივი. კიოლნის უნივერსიტეტის მკვლევარები თავიანთ ნამუშევარში The rise of digital retail platforms დაასკვნეს, რომ აღნიშნული სტრატეგიისათვის საჭიროა ძლიერი ბრენდი, ინტენსიური კონკურენციის გაწევისათვის დიდი შესაძლებლობები, აგრეთვე მაღალი დონის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მოითხოვს ძვირადღირებულ მოწყობილობებს, მოწინავე IT გადაწყვეტილებებს და მაღალკვალიფიციურ პერსონალს. ციფრული პლატფორმები დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ ამავე დროს ისინი დაკავშირებულია რისკებთან.
ციფრული პლატფორმა, როგორც ერთიანი საინფორმაციო სივრცე
ციფრული პლატფორმა - ამ განმარტებით იგულისხმება ტექნოლოგიები, რომლებიც ინერგება კომპანიებში ბიზნესის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად, ობიექტური დასკვნების გამოტანის მიზნით. ხელოვნური ინტელექტი, machine learning, დიდი მოცულობის მონაცემები მიზნად ისახავს ერთიანი პლატფორმის შექმნას. ის აერთიანებს მობილურ აპლიკაციებს, ინტერნეტ მაღაზიებს და ოფლაინ საცალო ვაჭრობას.
ყველა შესაძლო რესურსიდან შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიები ეცნობიან ყველაფერს, რაც მათ უნდა იცოდნენ მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ბიზნესის შესახებ. მათ შეუძლიათ პროგნოზების გაკეთება, რეკლამების გაშვება, სამუშაოს ოპტიმიზაცია, მომგებიანი ფასწარმოქმნის დადგენა, მომხმარებლებისათვის სასურველი ასორტიმენტის შეთავაზება და სხვა.
ციფრული პლატფორმა, როგორც ყოველდღიურობის ნაწილი
ციფრულ პლატფორმებზე გადასვლა გულისხმობს რეალობის გაციფრულებას. ონლაინ და ოფლაინ საზღვრები იშლება, მომხმარებელთა მოთხოვნები იზრდება და ამასთან მაღალტექნოლოგიური სერვისები სწრაფად ხდება რუტინა. ამიტომაც საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე კომპანიები ცვლიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიმართ მიდგომას. ისინი ეძებენ არა მომსახურებას, არამედ ამყარებენ პარტნიორობას IT კომპანიებთან და სერიოზულად უყურებენ შიდა გუნდების ფორმირების საკითხს. ხოლო თითოეული კომპანია უკვე ინდივიდუალურად წყვეტს კომპანიაში არსებული განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, რომელი ინოვაციური პროდუქტები დანერგონ და გადავიდნენ თუ არა პლატფორმულ ბიზნეს მოდელზე.