ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენების თემა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე და ეკონომიკაზე, არამედ საზოგადოებაზეც. ხელოვნური ინტელექტი ყველაზე მეტად გვაფიქრინებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიების განვითარება საზოგადოებაზე. AI (Artificial Intelligence)-ის გამოყენება გახდა მაქსიმალურად დემოკრატიული. დღესდღეობით ის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სცენარებში. ამავე დროს ის იწვევს აქტიურ დებატებს - ეს სიკეთეა თუ შესაძლო საფრთხე?
ცხადია, რომ ხელოვნური ინტელექტი პერსპექტივაში მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის პრინციპები, რომელთა დანერგვაც მას სურს ტექნოლოგიის ამ სფეროში. სახელმწიფო, გადაწყვეტილებების დეველოპერები და მომხმარებლები საკუთარი თავისთვის ქმნიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრინციპებს.
გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის ეთიკის ექვს პრინციპს, რომლებიც ჩამოყალიბებულია Microsoft-ის კორპორაციის მიერ და გამოქვეყნებულია წიგნში «The Future Computed» - ეს არის სამართლიანობა, საიმედოობა, კონფიდენციალობა და უსაფრთხოება, ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
სამართლიანობა - არის ის, რასაც ველოდებით ტექნოლოგიისგან. მას, ადამიანისგან განსხვავებით, არ გააჩნია ცრურწმენები, მაგალითად სქესთან ან კანის ფერთან მიმართებაში. როდესაც ვსაუბრობთ სამართლიანობაზე გვსურს, რომ ტექნოლოგიამ მიკერძოების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები. ამიტომ შემუშავების პროცესში უმჯობესია გვყავდეს მრავალფეროვანი გუნდი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შეხედულებების წარმოდგენა. ტექნოლოგიაში უკვე დანერგილი მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნისას უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა მაქსიმალური მრავალფეროვნება და რეპრეზენტაციურობა, რის საფუძველზეც განვითარდება კომპიუტერული ინტელექტი.
საიმედოობა - რა მოხდება, თუ რამე არასწორედ წავა? როგორ მოიქცევა ალგორითმი გაუთვალისწინებელი სცენარის შემთხვევაში? ხელოვნური ინტელექტის საიმედოობა არის კითხვა “რა მოხდება თუ...“. საიმედოობის სცენარები, მექანიზმის რეაქციები სრულად უნდა იყოს შემუშავებული და უზრუნველყოფილი. ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დროულად შეცვალოს სისტემა. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ იარაღად უნდა დარჩეს ნებისმიერ სიტუაციაში, ხოლო მოქმედი პირი ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი.
კონფიდენციალობა და უსაფრთხოება - სხვა ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მსგავსად, AI სისტემები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობის კანონები, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას და უზრუნველყოფს პირადი ინფორმაციის დაცვას.
ინკლუზიურობა - ეს პრინციპი მჭიდრო კავშირშია სამართლიანობის პირველ პრინციპთან. იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის საჭიროებების და გამოცდილების ფართო სპექტრს ინკლუზიური დიზაინის მეთოდების საშუალებით, AI-ს სისტემების დანერგვა უნდა ითვალისწინებდეს და აღმოფხვრას პოტენციური ბარიერები პროდუქტებში და მომსახურებებში, რამაც შეიძლება უნებლიედ შეზღუდოს ადამიანთა ჯგუფები.
გამჭვირვალობა - იმის გათვალისწინებით, რომ AI ზემოქმედებას ახდენს ცხოვრებაზე, ჩვენი მოვალეობაა საზოგადოებისათვის გამჭვირვალე გავხადოთ ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ალგორითმი, რათა გაიგონ სისტემის მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და თავად განსაზღვრონ პოტენციური რისკები ან შეცდომები.
ანგარიშვალდებულება - ადამიანები და ბიზნესი, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, ვალდებულნი არიან აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ საქმიანობაზე. ამ ანგარიშვალდებულებების და პასუხისმგებლობის სტანდარტები უნდა ემყარებოდეს წესებს ისეთი სფეროებიდან, როგორიც არის ჯანდაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივა დიდია, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია გლობალურ დონეზე მისი შემუშავებისა და გამოყენების პრინციპების ფორმულირება. იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, თუ როგორ დაგვეხმარება AI საერთო პრობლემების მოგვარებაში, Microsoft-მა წამოიწყო რამდენიმე პროგრამა, რომელიც გაერთიანებულია კონცეფციით AI for Good ან «ხელოვნური ინტელექტი კეთილდღეობისათვის».
ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა - ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვისთვის. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა პანდემიის დროს, რადგან ტექნოლოგია აქტიურად იქნა გამოყენებული სხვადასხვა სცენარში, როგორებიც არის დახმარება დაავადების გამოვლენაში, ტესტების ჩატარება, ინფექციის პროგნოზირება და მკურნალობის მეთოდების ეფექტურობა.
როგორც ვხედავთ, ტექნოლოგიები გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკურენტუნარიანობაზე, ბიზნესის წარმატებაზე და მის სიცოცხლისუნარიანობაზე, არამედ გარშემომყოფ სამყაროზე და საზოგადოებაზე. ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად უნდა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისადმი და მდგრადი განვითარებისადმი საპასუხისმგებლო დამოკიდებულების სტრატეგია.