თქვენი საოცნებო გუნდი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე! როგორ ვმართოთ?
მოქნილობა, ცვლილების უნარი და ინოვაციების სათავეში ყოფნა, თანამშრომლობის შესაძლებლობა - ყველა ეს თვისება პანდემიამდეც კი აუცილებელი და საჭირო გახლდათ ბიზნესის მფლობელებისათვის. კორონავირუსის გამო, ყველას მოგვიწია ახალ რეალობაზე ადაპტირება. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ცხადია, უზარმაზარი სტრესი დააწვა მენეჯერებს.
რას ნიშნავს დღეს იყო ეფექტური ხელმძღვანელი, როდესაც გიწევს იმუშაოთ დისტანციურად და თვეების განმავლობაში მოაგვაროთ საკითხები თქვენ გუნდთან უშუალო კონტაქტის გარეშე? ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო მაშტაბით სახლიდან მომუშავე 10 სპეციალისტიდან 9 კმაყოფილია, რომ არ სჭირდება ოფისში სიარული, ბევრი ორგანიზაცია კი საერთოდ არ გეგმავს თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას. უბრალოდ საჭიროება არ არის. მაგრამ არის გუნდის მართვის აუცილებლობა!
ახალ პირობებში პირველი და ყველაზე მთავარი არის - მაქსიმალურად ღია და აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნება გუნდთან. საჭიროა თანამშრომლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე საკითხების შესახებ, გულახდილი და ღია ურთიერთობის წახალისება.
მეორე რჩევა - ენდეთ ადამიანებს. უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ საზოგადოება სახლიდან უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე ოფისებში. ზოგჯერ ეს ადვილი არ არის, მაგრამ უმეტესობას ეს გამოსდის. არ გაამკაცროთ კონტროლი და წნეხი დეტალებზე. ამის სანაცვლოდ, მოითხოვეთ უკუკავშირი დასახული ამოცანებისა და სამუშაო პროცესების შესრულების პროცესში. განაცხადეთ თქვენი მოლოდინების შესახებ და შეათანხმეთ შემსრულებლებთან მოცემული ვადების რეალობა.
მესამე - დაივიწყეთ, რომ სამუშაო დღე გრძელდება 10-დან 18 საათამდე. ზოგი პროფესია არ მოითხოვს დილიდან საღამომდე მუშაობას. თუ არის ამის შესაძლებლობა, მიეცით კოლეგებს საშუალება შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ. ზოგიერთი ადამიანი ჩაკეტილია სახლში პატარა ბავშვებთან ერთად. ზოგიერთი მუშაობს მხოლოდ ღამით, დასვენების დღეებში. თუ შესაძლებელია შედეგის დადება მუშაობის ასეთ პირობებში, რატომაც არა! მოქნილობა არის ის, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის გადარჩენას დღევანდელ პირობებში. შედეგი უფრო მნიშვნელოვანია - ისევე, როგორც თანამშრომელთა ჯანმრთელობა. ამიტომ დაფიქრდით, რა გზით უზრუნველყოფთ თანამშრომელთათვის მოსახერხებელ სამუშაო გრაფიკს. რაც უფრო მეტ ნდობას და თანაგრძნობას იგრძნობენ თქვენი ქვეშევრდომები, მით უფრო მაღალი იქნება მათი მოტივაცია.
ეფექტური გუნდური მუშაობის საიდუმლო არის კომუნიკაცია. ჩაიარა იმ დრომ, როდესაც ხელმძღვანელები ისხდნენ ცალკე კაბინეტებში და კვირაში ერთხელ ხვდებოდნენ თანამშრომლებს დილაობით. ეფექტური ლიდერობის წარმატებული მომავალი გულისხმობს გუნდთან მჭიდრო კონტაქტს და მათთვის საუკეთესო პრობების შექმნას. ეს მიდგომა მოიცავს სამუშაოს და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღ ბალანსს, გუნდურ სულისკვეთებას ღია პოზიტიური კომუნიკაციისა და თბილი გარემოს უზრუნველყოფის ხარჯზე.
ჩაატარეთ ექსპერიმენტები იმის გასარკვევად, თუ რა მუშაობს თქვენს შემთხვევაში კარგად და ამის შესაბამისად დახვეწეთ მიდგომა თქვენი მმართველობის მიმართ.