კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოცრებათა სამყაროში!
გავიხსენოთ ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის ნაწარმოების გმირი ალისა. დღევანდელ დღეს საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრა ძალიან მარტივია. გინდათ სცადოთ? ამაში დაგეხმარებათ VR ან ვირტუალური რეალობა. ეს არის სრულად მოდელირებული სამყარო, რომელიც შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მასში შედის 3D გრაფიკა, 360 სცენები, ხმა, შეხების შეგრძნება და სუნიც კი. ასეთი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია სპეციალიზირებული მოწყობილობების (მაგალითად, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი) გამოყენებით. ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ ეტაპზე, მოსალოდნელია ვირტუალურ სამყაროში სრული ჩაძირვის შესაძლებლობა იმ დონემდე, როდესაც ვიზუალიზაციის რეალობისგან გარჩევა რთული იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ VR მოწყობილობა უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის.
მისდიეთ თეთრ კურდღელს!
გსურთ საოცრებათა ქვეყანაში სრულად აღმოჩენა, მაგრამ ოცნებობთ ნახოთ თეთრი კურდღელი, რომელიც შეხედავს საათს და ჩაყვინთავს უახლოეს კანალიზაციის ხვრელში თავისი ხვრელის არარსებობის გამო? კი ბატონო. ამაში დაგეხმარებათ AR ან დამატებითი რეალობა. მისი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ გარემოს დანახვას, მაგრამ სპეციალური მოწყობილობით, მაგალითად სათვალეების გამოყენებით, ვამატებთ მასში არარსებულ, ვირტუალურ ელემენტებს. რეალობის სურათის შესავსებად, სათვალეების ნაცვლად, აგრეთვე გამოიყენება head-up display (ინდიკატორები მანქანის საქარე მინაზე), სპეციალური ჩაფხუტები (HMD) და თუნდაც სმარტფონები.
გაფართოებული რეალობის სათვალე ჯერ არ მიეკუთვნება გავრცელებულ გაჯეტებს, მაგრამ 2021 ან 2022 წელს ელოდებიან Apple Glass გამოჩენას, რომელსაც შეეძლება რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია. ექსპერტები პროგნოზირებენ აღნიშნული ტექნოლოგიის წარმატებულ განვითარებას.
გართობა? არა მხოლოდ!
რასაკვირველია, იმერსიულ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს გართობის სფეროში, მაგრამ უფრო მეტი მომავალი აქვს განათლებაში და მედიცინაში. აღნიშნულ სფეროებს მოყვება არქიტექტურა, ინჟინერია, მშენებლობა, დიზაინი და საცალო ვაჭრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ამ ეტაპზეა. სიტუაცია იცვლება, ვირტუალური რეალობა სულ უფრო მეტად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო შესაძლებლობები ულიმიტოა.
იმერსიული ტექნოლოგიები განათლებაში
დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო პერსონალის მოსამზადებლად წარმატებით მუშაობს სიმულაციური ცენტრები, რომლებშიც ვირტუალურ რეალობაში მუშავდება უნარები ქირურგიის, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის, გინეკოლოგიის, მედდებისა და პაციენტთა მოვლის სფეროებში.
სიმულაციური ტექნოლოგიები VR-ის გამოყენებით საჭიროა იქ, სადაც რეალურ ობიექტებზე სწავლების პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს საგანგებო სიტუაციები და მაღალი ფინანსური ხარჯები. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტექნოლოგიური მოწყობილობის ვირტუალური მოდელის მართვა.
VR/AR მედიცინაში
ვირტუალური რეალობა თანდათან ინერგება და გამოიყენება იმ პაციენტთა რეაბილიტაციისათვის, რომლებმაც სხვადასხვა დაავადებები გაიარეს. სამწუხაროდ, სამედიცინო ინოვაციები საჭიროებენ სერტიფიცირებას და სათანადო რეგისტრაციას, რაც ართულებს დანერგვის პროცესს.
მედიცინაში VR ტექნოლოგიების პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს ფობიებთან, შიშებთან და სხვა ფსიქოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა. AR ტექნოლოგიას აგრეთვე შეუძლია დაეხმაროს ოპერაციების ჩატარებაში, მაგალითად ქირურგებისათვის რენტგენული ხედვის ილუზიის შექმნა.
VR/AR საცალო ვაჭრობაში, მშენებლობაში და არქიტექტურაში
ჯერ არც ისე განვითარებულია, როგორც ზემოხსენებული ორი მიმართულება, თუმცა წარმატებები ამ სფეროებშიც შთამბეჭდავია.
საცალო ვაჭრობაში VR/AR ინსტრუმენტები უპირველეს ყოვლისა მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებელს მისცეს საშუალება «გამოსცადოს» პროდუქტი თავის თავზე ან ინტერიერში. მაგალითად, IKEA Place აპლიკაცია სმარტფონის საშუალებით იძლევა ოთახში ავეჯის განლაგების საშუალებას. აგრეთვე, იმერსიული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ასორტიმენტში ორიენტირებას, ამცირებს ხარჯებს და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, ასევე უბიძგებს მომხმარებელს შეიძინოს პროდუქცია ციფრული ვიზუალიზაციის დახმარებით.
ვირტუალური პროტოტიპები მშენებლობასა და არქიტექტურაში საშუალებას იძლევა, შემოწმდეს შენობის ერგონომიკა, აკონტროლოს მათი საიმედოობა, აგრეთვე პროექტების კოლექტიური განხილვა და მათი დემონსტრაცია.