ქართველი ხელოვანი, ირაკლი ჭრელაშვილი თანამედროვე ხელოვნებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი ნამუშევრები მინიატურულ სამყაროში არსებულ ფენებად მალავს სიღრმეებს, რომელიც მაყურებელს ბავშვობის მოგონებებს, სივრცეების მნიშვნელობასა და სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტებზე ფიქრისკენ უბიძგებს. ირაკლის შემოქმედება უნიკალურია იმით, რომ ის ფოტოგრაფიისა და მინიატურის მეშვეობით იკვლევს რეალობის ახალი გზებით აღქმასა და გადმოცემას. ამ ინტერვიუში ირაკლი გვიყვება მისი შემოქმედების პროცესზე, ბავშვობის გავლენაზე მის ხელოვნებაში და Adobe-ის ინსტრუმენტების როლზე მის ნამუშევრებში.
როგორ აღწერდით თქვენს შემოქმედებას? რა არის ის მთავარი იდეები და თემები, რომლებსაც თქვენი ნამუშევრები ასახავს?
ჩემს მინიატურულ შემოქმედებას ვუყურებ, როგორც სამყაროს თავიდან აღმოჩენის პროცესს. მინიატურებში სხვადასხვა ფენებში დამალული სიტუაციები, სიმბოლოები და მნიშვნელობები ცოცხლდება და თავიდან, ახალი კუთხით მაფიქრებს მათზე. ფოტოგრაფია და მინიატურა უნიკალური მედიუმია სამყაროზე დასაფიქრებლად, რადგან საქმე საბოლოო ჯამში მაინც ფიზიკურ რეალობასთან და სინათლესთან გვაქვს, ისევე როგორც “რეალურ” სამყაროში. შესაბამისად ამით იქმნება რეალობის ერთგვარი ანარეკლი, რომელმაც გაიარა ჩემს ცნობიერში, მოგონებებსა და იდეებში და უკან დააბრუნა უკვე მისი სიმბოლოებით დატვირთული ვერსია, რომელიც უკვე თავის ისტორიას ჰყვება. ეს ისტორიები ხშირად ინდივიდუალურია, ჩემი ცხოვრებიდან და მოგონებებიდან გამომდინარეობს, თუმცა ყველა ასეთი ინდივიდუალური ისტორია, როგორც წესი, ზოგადად ადამიანურ ისტორიასაც ჰყვება.
ბავშვობის მოგონებები და მათი არქიტექტურული სივრცეები თქვენს ნამუშევრებში ცენტრალურ ადგილს იკავებს. როგორ დაიწყო ეს ინტერესი და როგორ ახერხებთ ამ მოგონებების ვიზუალური აღქმის გადმოცემას მინიატურულ სკულპტურებსა და ფოტოგრაფიაში?
“შტაბების” ფენომენი იყო ჩემთვის ყოველთვის საინტერესო. ბავშვობაში, როდესაც აღმოვაჩენდით მიტოვებულ, გამოუყენებელ სივრცეს, მას მაშინვე ჩვენთვის და ჩვენი ბავშვური თამაშებისთვის ავითვისებდით ხოლმე. ეს სივრცეები ჩვენთვის ცხადია არ იყო განკუთვნილი, მოქმედებდა მხოლოდ ჩვენს მიერ შექმნილი წესები და ზუსტად ამიტომ იყო ასეთი საინტერესო.
დროთა განმავლობაში, ეს ინტერესი გაღრმავდა და სხვა სივრცეებზეც გავრცელდა, მაგალითად, სასკოლო ოთახებსა და სადარბაზოებზე. აქ სივრცეების ფიზიკური რეალიზმი და დეფორმირებული, შორეული მოგონებები თავისებურ დინამიკას ქმნის. თვითონ სივრცის გადმოცემაში მთავარი სინათლის, პერსპექტივის და სტრუქტურის შეთავსებაა, რაშიც შემდეგ “ცხოვრობენ” მოგონებები და სიმბოლოები.
მოგვიყევით თქვენი ნამუშევრების სერიების, მაგალითად „The matter of early 2000s“ ან „Turtle Lake Road“-ის კონცეფციის შესახებ. რა პოლიტიკური და სოციალური გზავნილები გსურთ ამ ნამუშევრებით გადმოსცეთ?
სერია „The matter of early 2000s“ ეხმიანება იმ „შტაბების“ თემატიკას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ეს არის ადრეული 2000-იანი წლების მოგონებები და სიტუაციები, რომლებიც ახლაც დიდად არ შეცვლილა. ეს ნამუშევრები ერთდროულად წარსულის დოკუმენტაციასაც წარმოადგენს და ყოველდღიურობის მონოტონურობის აღწერასაც.
„Turtle Lake Road“ კი შექმნილია „რუსული კანონის“ და „თავდაცვის კოდექსის“ განხილვების პერიოდში და მიზნად ისახავს იმ დროის პოლიტიკური დაძაბულობის გადმოცემას. ეს სერია კუს-ტბის გზის სიმბოლური რეპრეზენტაციაა, სადაც ჯადოსნური ელემენტები და ქაოსური მომენტები ერთმანეთს ერწყმის, რაც ჩვენი ქვეყნის მუდმივ სირთულეებსა და გამოწვევებზე მიუთითებს. ეს სერია ასახავს ჩვენი ქვეყნის მუდმივ გზაგასაყარზე ყოფნას, სადაც რატომღაც ყოველთვის ვკარგავთ მიმართულებას.
როგორ იპოვეთ საკუთარი სტილი ამერიკაში სწავლისა და მუშაობის პერიოდში? როგორ შეუწყო ხელი ამ პროცესს აშშ-ში მიღებულმა განათლებამ და გამოცდილებამ?
არ ვიტყოდი, რომ ჩემი საკუთარი სტილი მაქვს, ან მინდა რომ მქონდეს. ბევრ ხელოვანს ახასიათებს საკუთარი სტილის ძიება და შემდეგ მისი შენარჩუნებისკენ სწრაფვა, თუმცა ჩემი მიზანი ეს არ არის. ჩემი მიზანია, ყოველთვის მქონდეს უნარი, რომ სამყაროსთან ურთიერთობისა და შეცნობის სხვადასხვა გზები აღმოვაჩინო, რომლებიც უნიკალური კუთხით დამანახებს მათ. მინიატურული ნამუშევრები უბრალოდ ერთ-ერთი ასეთი კომუნიკაციის გზაა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს რამე სხვამ. ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ჩემთვის სწორედ ის არის, რომ ყველაფერი პირდაპირ მოცემულია: აი, შენ, და აი, სამყარო. დანარჩენი ყველაფერი ხსნილია.
ამერიკაში ცხოვრებამ დიდი გავლენა მოახდინა მინიატურული ნამუშევრების შექმნის პროცესში. ეს გარკვეულწილად ჩემი თერაპიაც იყო, რომ დავბრუნებოდი იმ ძველ სივრცეებს, რომლებიც საქართველოში დავტოვე და რომლებიც მენატრებოდა. ამას მოჰყვა ტექნიკური გამოცდილება სკულპტურის მიმართულებით და ამერიკელი ხელოვანის, ჯეიმს კასებერეს ასისტენტად მუშაობა, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით კი ციფრული დამუშავების როლი მინიატურულ ფოტოგრაფიაში.
როგორ იყენებთ Adobe-ს ინსტრუმენტებს თქვენს შემოქმედებაში? რომელ პროგრამულ უზრუნველყოფაზე აკეთებთ აქცენტს და რა ტექნიკებს იყენებთ?
ჩემი შემოქმედებისთვის, ისევე როგორც ზოგადად ფოტოგრაფიისთვის, Adobe Photoshop აუცილებელი ინსტრუმენტია. მინიატურული ნამუშევრების შექმნის პროცესში ფოტოების შემდგომი დამუშავება თითქმის მთლიანად ამ პროგრამაში ხდება. ამ პროცესში მრავალი ტექნიკა გამოიყენება, თუმცა ყველაზე საბაზისო, ცხადია, ფერების და ტონების კორექციაა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩემთვის Photo-stacking-ს აქვს. როცა მინიატურულ მასშტაბზე მუშაობ, ფოკუსის დიაპაზონი უმნიშვნელოვანესია რეალიზმის ილუზიის შესაქმნელად. შესაბამისად Focus-stacking-ის ტექნიკას ხშირად ვიყენებ, რომ მთლიანი ფოტო ფოკუსში იყოს, დეტალები გამოიკვეთოს და “მაკრო”-ს ეფექტიც გაქრეს. Focus-stacking ტექნიკა გულისხმობს, რომ ერთი და იგივე სცენას რამდენიმე ფოტოს უღებ, ისე რომ კამერის ფოკუსი სცენაში სხვადასხვა სიღრმეებზეა კონცენტრირებული. Photoshop ამ ფოტოებს ისე აერთებს, რომ თითოეული ფოტოდან მხოლოდ ფოკუსში მოქცეული ნაწილი რჩება, და იქმნება კომპოზიტური, სრულფოკუსიანი დეტალიზირებული ფოტო.
ამ ტიპის stacking-ის ტექნიკასთან ერთად, ასევე ვიყენებ სხვადასხვა ფოტოების ერთმანეთთან შერწყმის ტექნიკას. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა მინიატურები კომპლექსურია და მრავალი სხვადასხვა სინათლის წყაროს საგნის გაერთიანებაა საჭირო ერთ სცენაში. მაგალითად, „Turtle Lake Road“-ის სერიაში მანქანის სამუხრუჭე ფარები წითელი ლაზერით არის განათებული—თითო ფარზე თითო ფოტო, და შემდეგ გაერთიანებული.
როცა დეტალიზირებულ მინიატურას ქმნი, აუცილებლად იქნება პატარა შეცდომები მაკეტში. Photoshop ამ პროცესს ძალიან მიმარტივებს და ზოგადად შექმნის პროცესს აჩქარებს, როცა ვიცი რომ რაღაც გარკვეული “შეცდომები” შემიძლია ფოტოშოპით გამოვასწორო.
როგორ ხედავთ თქვენი შემოქმედების მომავალს? აპირებთ თუ არა ახალი მედიუმების და ტექნიკების ექსპერიმენტირებას, რომელიც ხელს შეგიწყობთ თქვენი ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში? (მაგალითად AI)
ამ ეტაპზე ისევ ვაგრძელებ მინიატურულ შემოქმედებას და ვმუშაობ მორიგ სერიაზე. თუმცა სამომავლოდ ნამდვილად იქნება მრავალი სხვა მედიუმი და ტექნიკა, რაც ბუნებრივად შემოვა შემოქმედებაში. კონკრეტულ ტექნოლოგიებზე ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი გამოწვევები და შესაძლებლობები ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად თავისთავად განვითარდება.
AI ნამდვილად რევოლუციური მიღწევაა და ვფიქრობ, მალე ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, რომ ამჟამად მისი სრული გავლენის წარმოდგენაც კი რთულია. ჩემი ხელოვნებისთვის ამ ეტაპზე AI ასრულებს მხოლოდ ასისტენტის როლს, რომელიც ტექნიკური საკითხების მოგვარებაში მეხმარება—კალკულაციაში, მონაცემების დამუშავებასა და ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში. თუმცა, ღია ვარ, რომ მომავალში უფრო სიღრმისეულად გამოვიყენო ეს ტექნოლოგია და მისი საშუალებით ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინო. ამ ეტაპზე ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტექნოლოგიური ინტეგრაცია მომავალში გარდაუვალია.
როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვლება ხელოვნების შექმნის პროცესი მომდევნო ათწლეულებში, ტექნოლოგიური განვითარების ფონზე? როგორ უნდა მოერგოს ხელოვანი ამ ცვლილებებს?
მთავარია გახსნილობა და სწავლის, შეცნობის სურვილი ყველაფრის მიმართ, რაც სამყაროში ხდება, განსაკუთრებით ტექნოლოგიის კუთხით. ადამიანი, რომელიც ცხოვრების მიმართ რეალური ცნობისმოყვარეობითაა სავსე, არასდროს უშინდება რაიმე ახალს.
ტექნოლოგიური ცვლილებები ხელოვანს არ უნდა აშინებდეს, არამედ პირიქით—ის უნდა აღვივებდეს მასში ცნობისმოყვარეობასა და სწავლას. მთავარი არ არის მხოლოდ ის, როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიას, არამედ ის, რომ ვიყოთ გულახდილად ცნობისმოყვარე და მზადმყოფი მის მიმართ. ცხოვრების სიყვარული და ცნობისმოყვარეობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ვისაც ამ სიყვარულის უნარი აქვს, მას ცვლილებები არასდროს შეაშინებს, რადგან ის ყოველთვის მზად იქნება განვითარებისთვის.